პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიკრომეწარმეობაში ჩართვის სტიმულირება, მათი სამეწარმეო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიკრომეწარმეობის დაწყებისა და განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა გრანტის გაცემის გზით.
პროგრამა ითვალისწინებს გრანტის გაცემას სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიკრომეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული და სრულიად ათვისებული სესხის 25% -ის ოდენობით.
„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილებით განსაზღვრული, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებული, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში სრულად აქვს ათვისებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობა. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
გრანტის გაცემა მოხდება რიგითობის პრინციპით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.
2025 წლის 15 დეკემბრამდე / ბიუჯეტის ამოწურვამდე